inglish language translate

перевести на русском языке

Powered By Blogger

Thursday, September 22, 2011

300 არაგველი

სამასი არაგველი

სამასი არაგველი გმირულად დაეცა კრწანისის ბრძოლაში, როდესაც ერთმანეთს ქართველებისა და სპარსელების ლაშქარი დაუპირისპირდა.
კრწანისის ველზე განცდილი მარცხი სევდაა, რომელიც დღემდე მოჰყვება ქართველსა და საქართველოს. მარცხი, რომელიც ბევრჯერ განგვიცდია, მაგრამ ასე მძაფრად წარმოჩენილი ერთის მხრივ ერთგულება და მეორეს მხრივ ღალატი, ერთის მხრივ უხეირობა და მეორეს მხრივ სიმამაცე, ერთის მხრივ თავგანწირვა და მეორეს მხრივ გულგრილობა არც ერთ ბრძოლაში არ ყოფილა. ქართლ–კახეთს წარმოუდგენელი საფრთხე ემუქრებოდა და საუფლისწულოებად დაყოფილი ქვეყანა დათითოკაცებული, საკუთარ სახლ–კარში გამოკეტილი ელოდებოდა საზარელ ფინალს.
35 ათასიანი ლაშქრით მოდიოდა თბილისისაკენ აღა–მაჰმად–ხან ყაჯარი. ქართლ–კახეთის მეფე ერეკლემ II-მ კი მხოლოდ 5 ათასი კაცის შეგროვება შეძლო. 1795 წლის 8 სექტემბერს სოღანლუღთან დაბანაკდა მტერი. მათ რიცხვში სპარსელებთან ერთად განჯის, ყარაბაღის, ერევნისა და სხვა ხანებიც იყვნენ. ერეკლე კი რუსეთის დახმარებას ელოდა. მას ჯერ კიდევ სჯეროდა, რომ რუსთა ხელმწიფე პირობას შეასრულებდა, მაგრამ ამაოდ... მაინც არ გატყდა მეფე. გადაწყვიტა, ისე განელაგებინა ჯარი, რომ მტერს ვერ მოეხერხებინა ჭარბი ძალების გაშლა. სარდლებმა თავდაცვითი ზღუდეებისა და პოზიციების გამაგრება ბრძანეს. მეწინავე რაზმს იოანე ბატონიშვილი ხელმძღვანელობდა. აქვე იყვნენ დავით ბატონიშვილი, იოანე მუხრანბატონი, ვახტანგ ბატონიშვილი, ოთარ ამილახვარი, ცენტრს და საერთო ფრონტს კი თავად მეფე ერეკლე სარდლობდა. 9 სექტემბერს, დილით, ირანელთა ავანგარდი ორჯერ გადავიდა იერიშზე. ქართველთა მეწინავე რაზმმა ორჯერვე ახლოს მიუშვა მტერი, შემდეგ კი ერთბაშად ცეცხლითა და მოულოდნელი იერიშით უკუაქცია. მეორე დღეს მტერმა კვლავ იმძლავრა და ქართველებს ტაბახმელასა და შინდისს შორის შეუტია, თუმცა სხარტი მოქმედებით ერეკლეს ლაშქარმა მაინც შეძლო მრისხანე მტრის დამარცხება. ამ ბრძოლის შემდეგ, აღა–მაჰმად–ხანი გაბრუნებასაც კი აპირებდა, მაგრამ მოღალატეებმა მისი ელჩი ნარიყალას ციხიდან გააპარეს და შაჰს შეატყობინეს, რომ ერეკლეს მცირერიცხოვანი ჯარი ჰყავდა. მართლაც რომ საბედისწერო გამოდგა ეს ღალატი. თბილისიდან გასული მტერი უკან დაბრუნდა და თავისი რიცხოვანი უპირატესობით გულმოცემული, წინასწარ ზეიმობდა გამარჯვებას.

11 სექტემბერს განახლდა ბრძოლა. 5 ათასმა ქართველმა სამკვდრო–სასიცოცხლო ომი გაუმართა 35 ათას ირანელს. ეს ერთ–ერთი ყველაზე ტრაგიკული ბრძოლა იყო საქართველოს ოსტორიაში. სპარსელები ისე სწრაფად მოადგნენ თბილისს, რომ ერეკლემ ჯარის შეგროვება ვერ შეძლო და უმრავლესობას მოხალისეები შეადგენდნენ. მათ შორის იყო ერთი რაზმი, რომელიც შედგებოდა 300 ფშავ–ხევსურისა და არაგველი გლეხისგან. მათ ბრძოლის წინ შეჰფიცეს ერთმანეთს: „თუ ბედმა გვიღალატა და ვერ დავძლიეთ მტრის ძალა, შერცხვენილი იყოს, ვინც ჩვენგანი ცოცხალი თავით შინ დაბრუნდეს. ან გამარჯვება მტერზე ან სიკვდილი ბრძოლის ველზე“–ო. ეს ფიცი მათ პირნათლად შეარულეს. მეწინავეებად ჩავიდნენ ბრძოლის ველზე და ვაჟკაცურად ეკვეთნენ მტერს. ცოცხალი კედელი აღმართეს თბილისის კართან და მეფე ტყვეობას გადაარჩინეს, თუმცა სამასივე გმირულად დაიღუპა.

მართლაც, რა არის გმირობა? კრწანისის ომი ხომ დიდი მარცხი იყო, რომელმაც რეალურად ჩვენი ქვეყნისა და მეფე ერეკლეს ბედი გადაწყვიტა. მაშ რა მნიშვნელობა ჰქონდა რიცხვმრავალ მტერთან ბრძოლასა და თავგანწირვას? აღა–მაჰმად ხანმა ხომ მაინც თავისი გაიტანა და თბილისი აიღო?
300 არაგველის ბრძოლის ველზე ყოფნა მაშინ, როცა უფლისწულები და ერისთავები განზე გადგნენ, მაშინ, როცა წლებით დამძიმებული „პატარა კახი“ ვეღარ გულოვნობდა, თუმცა მაინც იძლეოდა მამაცობის ბრწყინვალე მაგალითს და რომ არა შვილიშვილები, მტერს შეაკლავდა თავს, უკვე გმირობა იყო, იმ ისრების კონა იყო, ქართულ ზღაპარში მამამ შვილებს რომ მისცა გადასატეხად, მაგრამ ვერ გატეხეს, მეტიც, ძვრა ვერ უყვეს.
„ჰეი, თქვენ, არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა,
თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა,
შავჩოხიანო ვაჟკაცო, ჭრილობა ხომ არ შეგხსნია?!
ეს სისხლი არის, თუ მართლა ყაყაჩოების ცეცხლია?!“
ლადო ასათიანის ეს სტრიქონები ახსენდება თითოეულ ჩვენგანს, როცა 300 არაგველის მემორიალს შევყურებთ. ბრძოლიდან 100 წელი იყო გასული, რომ წმინდანად შერაცხულმა კათოლიკოს–პატრიარქმა კირიონმა აღნიშნა გმირულად დაღუპული 300 არაგველის ხსოვნა და იქ მდებარე წმიდა ნიკოლოზის ტაძარში საგანგებო წირვა აღავლინა, ხოლო შემდეგ თბილისის სამღვდელოებამ ფართო საზოგადოებასთან ერთად კრწანისის ბრძოლის ველზე დაცემულ გმირთა სულის საოხად დიდი პანაშვიდი გადაიხადა. ქართველმა მამულიშვილებმა ილია ჭავჭავაძის თაოსნობით ეს დღე უდიდეს ეროვნულ დღესასწაულად გადააქციეს. „ამ წმინდა ადგილზე ჩვენ უნდა დავდგათ მუდმივად ანთებული კანდელები, რათა ყოველმა გამვლელმა გაიხსენოს 300 არაგველი და ის გმირები, რომლებიც სამშობლოს თავისუფლებისთვის დაიღუპნენ",– ეს სიტყვები საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა წარმოთქვა უკვე 2008 წელს, როცა 300 არაგველი საქართველოს ეკლესიამ წმინდანთა დასში შერაცხა, როცა ჩვენი მხედრული, საგმირო ისტორიის დღესასწაული დაწესდა და ტრადიციად დამკვიდრდა. მაინც რა არის გმირობა? ალბათ მარადისობაში გადასული სიდიადე იმ ადამიანებისა, რომლებიც თავს სწირავენ უკვდავებაზე უფრო მარადიულს - უფლის რწმენასა და სამშობლოს.

No comments:

Post a Comment